კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე თავისუფალია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ გამოაცხადა.
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
