კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, დაკავებული პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და კახეთის სასტუმროში, ქორწილში დაპირისპირებას ეხმიანება.
მისი თქმით, პრობლემა არა “თავგასული რუსების არსებობა”, არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულებაა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
დაკავებული ქალი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ პრობლემაა “აგრესიულ და პროვოკატორ რუსს ყოველთვის რომ უფრო მეტად აქვს ჩვენი პოლიციის იმედი, ვიდრე საქართველოს მშვიდობიან, წესიერ მოქალაქეს”.
სწორედ თელავის პოლიცია იყო, ლავროვის შვილის ქორწილის გამო, აქტივისტებს რომ დაერია. ფიზიკურადაც კი მომიწია პოლიციის უფროსისაგან აქციის მონაწილეების დაცვა.
ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არაა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების, საკუთარი კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პრობლემა ისაა, აგრესიულ და პროვოკატორ რუსს ყოველთვის რომ უფრო მეტად აქვს ჩვენი პოლიციის იმედი, ვიდრე საქართველოს მშვიდობიან, წესიერ მოქალაქეს. სწორედ ეს არის შესაცვლელი,” – წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში 18 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
