კახეთში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ტურისტების მეგობარიც გამოეხმაურა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ის ამტკიცებს, რომ მისი მეგობრები საქართველოში დასასვენებლად და დაბადების დღის აღსანიშნავად იყვნენ ჩასულები, ხოლო სასტუმროში მათ ნომერში უცნობი მამაკაცი შეიჭრა, ფიზიკურად გაუსწორდა ერთ-ერთ გოგოს. ის ასევე რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ სიძულვილზე საუბრობს.
“…უბრალოდ გასაოცარია. მთელი ახალი თაობა უბრალოდ რუსულენოვანი მოსახლეობის სიძულვილში გაზარდეს. უბრალოდ დაფიქრდით: გოგოები თბილისში ჩაფრინდნენ, უფრო სწორად, კახეთში დაბინავდნენ და სადღაც რესტორანში შამპანურის ბოთლს ხსნიან, პატარა წვეულება აქვთ. და ეს ნაბი*ვარი, ეს საზიზღარი, ბლ**ად, რომელმაც გოგოების სასტუმროს კოორდინატები გაიგო, მათ ნომერში შეიჭრა ყვირილით: “წადით ჩემი ქვეყნიდან, აქ ჩემი ძმის ქორწილი ჩაშალეთ. რა გინდათ?” მან გოგოს სახეში დაარტყა, ცხვირი გაუტეხა ახალგაზრდა გოგონას. ეს გოგოები ვიღაცები არ არიან, ისინი ჩემი მეგობრები არიან და გუშინდელამდე მათ ვეუბნებოდი, რომ მათთან სტუმრად ჩავფრინდებოდი…” – ამბობს კახეთის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვანი ტურისტების მეგობარი გავრცელებულ ვიდეოში.
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
