რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი არ ეთანხმება საერთაშორისო კრიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით და ეუთო-ს მოქმედებებს „პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“ აფასებს.
“პირველ რიგში, ვფიქრობ, საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვებს ჩვენი დადასტურება არ სჭირდება. საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ლიდერზე, რომელმაც იცის და უყვარს საკუთარი ქვეყანა და წარმოადგენს მის ხალხს.
მეორე მხრივ, თუ ვსაუბრობთ შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპზე, თანამედროვე საქართველო სწორედ სახელმწიფოს საქმეებში უხეში, ზოგჯერ კი უპრეცედენტო საგარეო ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია.
თბილისის სწრაფვა, გაატაროს დამოუკიდებელი და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, “კოლექტიური დასავლეთის” მიერ პირდაპირ გამოწვევად აღიქმება. რუსულად რომ ვთქვათ, ეს მათთვის “ყელში გაჩხერილი ძვალია”. ეს იმდენად აღიზიანებთ, რომ მზად არიან ყველა ბერკეტი გამოიყენონ მოქმედი ხელისუფლების ჩამოსაშორებლად მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარ ხალხზე ფიქრობს, იცნობს მისი ისტორიის მნიშვნელობას და მომავალსაც ამის საფუძველზე აშენებს, ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს მათ, ვისაც საქართველოს ხალხთან და ისტორიასთან არაფერი აკავშირებს.
როგორც ჩანს, პრემიერმინისტრის განცხადებები, რომელზეც საუბრობთ, უკავშირდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ ჰააგის დეკლარაციას, რომელიც რამდენიმე რეზოლუციას მოიცავს, მათ შორის საქართველოში ჩატარებული “არადემოკრატიული” არჩევნების შესახებ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დიდი ხანია აირჩია აგრესიული გზა და უარი თქვა იმ მისიაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის საპარლამენტო დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობდა.
რამდენიმე ქვეყანა ეუთოს პლატფორმას იყენებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა სახელმწიფოების მწვავე კრიტიკისთვისაც, მათ შორის ე.წ. “მოსკოვის მექანიზმის” გამოყენებით, რომელსაც ჩვენ მოძველებულ და ყალბ ინსტრუმენტად მივიჩნევთ.
უბრალოდ შეგახსენებთ: თუ ამ ყველაფერს მართლაც რაიმე კავშირი ექნებოდა ადამიანის უფლებებთან, მაშინ იგივე ადამიანები, ალბათ, მაგალითად, სტარობელსკში ბავშვების დაღუპვითაც დაინტერესდებოდნენ. მაგრამ ასე არ ხდება. თუ ბავშვების მიზანმიმართული მკვლელობა მათში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო არანაირ რეაქციას არ იწვევს, მაშინ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?
ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი, მათ შორის საქართველოს მიმართ, აცხადებენ, მცდარია. ეს სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება” – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ივანიშვილის პრემიერმინისტრის მიერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა: “საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ძალაუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობასა და ე.წ. დიფ სთეითის ინტერესების გატარებაში. ეთანხმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ შეფასებას და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეუთო საბოლოოდ უსაფრთხოების ინსტრუმენტიდან პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა?”.
