ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ როდესაც აგენტურა ერთიანდება, ეს ცუდია საერთო ჯამში, მაგრამ როდის დაიშალნენ, როდის არ იყვნენ ერთიანი? ქალბატონი სალომე ახლა სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სადმე სხვაგან არიან? ისევ ისე არიან ერთიანი, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გაერთიანებულ ოპოზიციაზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის გაერთიანება არა რაიმე პროცესი, არამედ აგენტურის გაერთიანებაა.
“ეს არის სწორედ მთავარი საფრთხე, რომ აგენტურა დღეს არის ერთ ხაზზე, ჩაუშვებენ დავალებას და ამ დავალებას ასრულებენ. აგენტურა გაერთიანებული იყო ყოველთვის. ეს რაიმე პროცესი კი არ არის აგენტურის გაერთიანების, ეს არის დავალებით მოქმედი ადამიანების ჯგუფი. დაავალებენ, რომ ერთად გამოჩნდნენ კამერასთან და ერთად გამოჩნდებიან, დაავალებენ, რომ ცალ-ცალკე გამოჩნდნენ, ცალ-ცალკე გამოჩნდებიან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება ოპოზიციის დაშლის მცდელობაა.
“დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში. ვინც დანაშაულს ჩადის, ის უნდა იჯდეს ციხეში, ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი. ნუ ჩაიდენენ დანაშაულს და არ იქნება პასუხისგება, ჩაიდენენ დანაშაულს და იქნება პასუხისგება. აბა სხვანაირად როგორ უნდათ, დანაშაული ჩაიდინონ და პასუხისგება არ დადგეს? ასეთი ქვეყანა თუ უნდათ, წავიდნენ სადმე სხვაგან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
