საქართველოში ზაფხულის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექის რაოდენობა, სავარაუდოდ, ნორმის ფარგლებში დარჩება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, აცხადებს.
მისი განმარტებით, ზაფხულის ცალკეულ პერიოდში ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. პროგნოზის მიხედვით, დაბლობსა და ბარში ტემპერატურამ შესაძლოა +39-დან +42 გრადუსამდე მიაღწიოს, მთიან ზონაში +37-დან +40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში +33-დან +37 გრადუსამდე.
ხათუნა ქოქოსაძის თქმით, ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელია სეზონისთვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური მოვლენებიც. კერძოდ, შესაძლებელია გვალვა, თბური ტალღები, ასევე ცალკეულ პერიოდებში ძლიერი ნალექიც.
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დღეებში, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს, მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე და ყურადღებით ადევნონ თვალი ამინდის ოფიციალურ პროგნოზებს.
