ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნათქვამია „ჰააგის დეკლარაციაში“, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციაში „გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის დემოკრატიული უკუსვლის, დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების, ასევე წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო, რაც ასახულია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში, რომელიც 2026 წლის მარტში გამოქვეყნდა“.
ასამბლეა „კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, დემოკრატიული მმართველობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ და ხაზს უსვამს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის, კანონის უზენაესობის დაცვისა და იმის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომ პოლიტიკური პროცესები ინკლუზიური, გამჭვირვალე და ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში იყოს“.
„ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის, მიმდინარე ოკუპაციას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თავისუფალი და უსაფრთხო ფუნქციონირება, თავი შეიკავოს ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან და ხელი შეუწყოს დემოკრატიულ პრინციპებსა და ეუთო-ს წინაშე არსებულ ვალდებულებებზე დაფუძნებულ ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, ასევე მოუწოდებს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების სწრაფი და სრული განხორციელებისკენ“.
ასამბლეა „ხაზს უსვამს 2026 წლის ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ზომებით, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს და ასევე, ხაზს უსვამს ძალადობის საგანგაშო ტენდენციას, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში წამების ზღვარს მიაღწია“.
ასევე, ასამბლეა „აღნიშნავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციის საქართველოში ვიზიტს 2026 წლის მარტში, როგორც დადებით ნაბიჯს საპარლამენტო ჩართულობისა და დიალოგის გაძლიერების თვალსაზრისით“.
„ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოში ინკლუზიურ დიალოგსა და პოლიტიკური დაძაბულობის მშვიდობიან მოგვარებას; მკაცრად გმობს ისეთი კანონმდებლობის მიღებასა და განხორციელებას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის თავისუფლებას და გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს, ასევე ძალის გადამეტებულ და განურჩეველ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ; მოუწოდებს მსგავსი კანონმდებლობის გაუქმებისკენ, ძალადობის, დაშინებისა და თვითნებური დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ყველა იმ თვითნებურად დაკავებული პირის გათავისუფლებისკენ, რომლებიც საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გზით გამოყენებისთვის დააკავეს, ასევე, მოუწოდებს ძალის გადამეტებული გამოყენების ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფისკენ, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებითა და მსხვერპლთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
