ჰამასი აცხადებს, რომ ღაზაში საკუთარი მთავრობა დაშალა და ემზადებიან ძალაუფლება გაეროს მიერ მხარდაჭერილ კომიტეტს გადასცენ, რაც აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იყო. ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების დაბალი თანამდებობის პირმა გაავრცელა და უცნობია, რამდენად მოჰყვება მას რეალური შედეგი.
ჰამასს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა განიარაღებას ან უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ძალებისთვის გადაცემას, თუმცა აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ღაზის ომით დაზიანებული ტერიტორიის აღდგენისადმი მისი ერთგულების დასტურია.
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მანდატით შექმნილ “მშვიდობის საბჭოში”, რომელსაც ღაზის მართვა და აღდგენა ევალება, ამბობენ, რომ ჰამასის განცხადების შესახებ ინფორმირებული არიან, თუმცა მის შედეგებს “ქმედებების და არა დაპირებების” მიხედვით შეაფასებენ. საბჭოს განცხადებით, ტექნიკურმა კომიტეტმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ღაზაში არსებული ყველა იარაღი უნდა გააკონტროლოს.
ჰამასის მიერ კონტროლირებადი სამთავრობო მედიის ხელმძღვანელმა ისმაილ ალ-თავაბთამ თქვა, რომ თანამდებობებზე მხოლოდ ტექნიკური და პროფესიული პერსონალი დარჩება, რომელიც ღაზის ყოველდღიური ადმინისტრირებით იქნება დაკავებული. მისი თქმით, სახელმწიფო მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლები მზად არიან მუშაობა გააგრძელონ ღაზის ადმინისტრირების ეროვნული კომიტეტის დაქვემდებარებაში. ჰამასის წარმომადგენელმა ჰაზემ ყასემმა გადაწყვეტილებას “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების გზაზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი” უწოდა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი, ჰამასის განცხადებას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს განიარაღების თავიდან აცილებას.
“სანამ ჰამასი შეინარჩუნებს იარაღს, ნებისმიერი სამოქალაქო ხელისუფლება მის კარნახით იმოქმედებს.” – დაწერა საარმა სოციალურ ქსელ X-ზე.
კაიროში დაფუძნებულ ტექნიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობს ღაზაში დაბადებული ინჟინერი და პალესტინის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი ალი შაათი. კომიტეტს დაევალა ძირითადი საჯარო სერვისების აღდგენა და სამოქალაქო ადმინისტრირების მართვა გაეროსა და მშვიდობის საბჭოს ზედამხედველობით.
