“ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველის შესახებ, რომელიც შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, არაფერი იცის. დეპუტატი ამტკიცებს, რომ ამ გადაადგილებაში გასაკვირი არაფერია და როტაცია ნორმალური პროცესია.
“არაფერი ვიცი მის შესახებ და არც არის გასაკვირი, რატომ უნდა ვიცოდე? ვისაც ჰყავს პირადი დაცვა, ეს პირადი დაცვა არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, აი, მე თქვენ მომწონხართ და იმიტომ ხართ პირადი დაცვა. ისინი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები ანუ სპეცსამსახურელები. ეს კაცი არის სპეცსამსახურელი, ამ სპეცსამსახურებიდან შეიძლება, ერთი უწყებიდან მეორეში გადაიყვანონ, ან ისევ უკან დააბრუნონ, ან წინ წაწიონ. ეს არის საკადრო პოლიტიკა სპეცსამსახურების” – ამბობს შარმანაშვილი.
“ტვ პირველის” კითხვაზე, ხომ არ სჭირდება ივანიშვილს ძალიან სანდო ხალხი სუსის უფროსად, შარმანაშვილი ასე პასუხობს:
“დაიცა, ახლა ვინც არის, თავისი არ არის, სანდო არ არის? თუ რისი თქმა გინდათ?” – ამბობს შარმანაშვილი.
გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს – ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან, ბრძანების გამოცემის დღიდან დაიკავა.
![“[სუს-ში] ახლა ვინც არის [ივანიშვილისთვის] სანდო არ არის და თავისი არ არის?!” – რას ამბობ თენგიზ შარმანაშვილი](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2026/07/untitled-3-3.jpg)