92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია.
საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი არქიტექტორის, ხელოვანისა და მეცნიერის, ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო.
ვახტანგ დავითაია, არაერთი სკულპტურული კომპოზიციის პროექტის ავტორი, გამოირჩეოდა საქმისადმი განსაკუთრებული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით. წლების განმავლობაში იყო „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განმხილველი საექსპერტო საბჭოს“ წევრი.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.
ვახტანგ დავითაია იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია.
დავითაია არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის ბაკურიანში საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრის, „მზიური ველის“, ბიზნესცენტრ „მთაწმინდის“, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზის.
ვახტანგ დავითაიას მიღებული აქვს „წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის“ ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალე „იტერარქ-83“-ის, საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალე „იტერარქ-85“-ის პრემიები.
2022 წელს ვახტანგ დავითაია თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
