სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სხდომა გადაიდო – სააპელაციო საჩივრების წარდგენა შემდეგ პროცესზე მოხდება.
დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გააფორმება მოხდება.
საქმის პროკურორი, ანი ლეკიაშვილი კი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით ჯუანშერ ბურჭულაძის მხრიდან არც ბრალის აღიარება მომხდარა და არც ზარალი არ ანაზღაურებულა, შესაბამისად, ბრალდების მხარე ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ განიხილავს.
დღეს არ არის არც ზიანი ანაზღაურებული და არც მსჯავრდებულის მხრიდან მომხდარა ზიანის ანაზღაურება. თუ შესრულდება ეს პირობები და ისინი კვლავ მოგვმართავენ, რა თქმა უნდა, განიხილავს პროკურატურა – თქვა ანი ლეკიაშვილმა.
“დღეის მდგომარეობით არ მოხდა მათ შორის სააპელაციო საჩივრების წარდგენა. გადაიდო შემდეგი პროცესისთვის ეს ყველაფერი. დღეს შემიძლია დავადასტურო ის გარემოება, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, დღესაც არის იგივე მოცემულობა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. რაიმე ცვლილება არ მომხდარა. მათ შორის ჩვენი მხრიდან რაიმე პირობა არ შეთავაზებულა და ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მსგავსი საკითხის განხილვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ უარი ეთქვათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე – მათ შორის იმ პირობების გათვალისწინებითაც, რომ ის, რაც საპროცესო შეთანხმებისთვის არის აუცილებელი – აღიარება, ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა. დღეის მდგომარეობითაც, ამ კუთხით არაფერი არ მომხდარა. პირობების შეთავაზება, როგორც წესი, ხდება ბრალდების მხარის მხრიდან და შემდგომში დაცვის მხარე გამოხატავს ან უარს ამბობს ამ პირობებზე. დღეის მდგომარეობით რაიმე მსგავსი არ განიხილება.
დღეს არ არის არც ზიანი ანაზღაურებული და არც მსჯავრდებულის მხრიდან მომხდარა ზიანის ანაზღაურება. თუ შესრულდება ეს პირობები და ისინი კვლავ მოგვმართავენ, რა თქმა უნდა, განიხილავს პროკურატურა მათ განცხადებებს, გადაწყვეტილებას წინასწარ ვერ გაცნობებთ. ანუ, საერთოდ იქნება თუ არა გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და თუ იქნება, რა პირობებით, ამის თაობაზე ახლა ვერ მოგახსენებთ.
პირველ ინსტანციაში საპროცესო შეთანხმებაზე იყო უარი, დღეის მდგომარეობითაც იგივე მოცემულობაა, თუმცაღა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პირს აქვს მომართვის უფლება. მომართვის განხილვაზე უარს რა თქმა უნდა, არავის არ ვეტყვით”, – ამბობს პროკურორი ანი ლეკიაშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა – ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
