ე.წ საბოტაჟის საქმეზე მოწმემ თქვა, რომ მას არ გაუგია ძალადობრივი მოწოდება რომ განეხორციელებინა ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს. კითხვაზე, ასევე, იქ მყოფი რომელიმე პოლიტიკოსის ხმაზე ან მოწოდებაზე თუ განხორციელდა კანონდარღვევა, ამაზე მოწმემ თქვა, რომ მტკიცებით ფორმაში ვერ ამბობს, რადგანაც ასეთს ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკისების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა პოლიციელი, ილია მარწყვიშვილი, რომელმაც განაცხადა ის, „რაზეც საუბრობს ყველა მოწმე, რომ პოლიტიკოსებისგან კონკრეტულად არანაირი მოწოდება არ გაუგონია”.
„შემიძლია ვისაუბრო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებით, რა თქვა. მოწმემ თქვა, რომ მას არ გაუგია, ძალადობრივი მოწოდება რომ განეხორციელებინათ ამ ადამიანებს. ასევე, არ დაუნახავს კონკრეტული ქმედებები, თუმცა ის ამახვილებს ყურადღებას ჟესტიკულაციაზე, რომელიც იყო ხელების ქნევა და ვერ აკონკრეტებს, დაინახა თუ არა მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ხელით მინიშნება, მაგალითად ქნევა ან თვალის ჩაკვრა, თუ სხვა ჟესტიკულაცია.
ის ამბობს, რომ ეს არის მოსაზრება და ვარაუდი – ვინაიდან პოლიტიკოსები იდგნენ პარლამენტის წინ, ხალხი იყო უკმაყოფილო ხელისუფლებით და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას, ამ ჟესტიკულაციაზე ხალხი პროვოცირდებოდაო, თუმცა ეს არის ჩემი ვარაუდიო. როცა ჩვენ ვუთხარით, დაეკონკრეტებინა, რა ჟესტიკულაცია განახორციელა მამუკა ხაზარაძემ ან ბადრი ჯაფარიძემ, ვერ უპასუხა კითხვას და ვერ იხსენებს, რა ჟესტიკულაციას ჰქონდა ადგილი”,- განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.
მისი თქმით, მოწმემ ასევე თქვა, რომ ახლომახლო იყვნენ ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძეც. ადვოკატის განმარტებით, მოწმემ თქვა, რომ ის ხედავდა, „რაღაც ხელების მოძრაობას“ რომ ჰქონდა ადგილი, თუმცა პოლიტიკოსების რაიმე შეძახილი, ლაპარაკი ან მიწოდება მას არ გაუგონია.
ადვოკატის ინფორმაციით, მოწმემ ასევე თქვა, რომ ვინაიდან პოლიტიკოსები არიან ცნობილი ადამიანები, ის იცნობს მათ, აღწერს მათ ნიშან- თვისებებს, მათ შორის სიმაღლეს, მაგრამ კონკრეტულად, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსის მოწოდებაზე თუ განხორციელდა კანონდარღვევა, გადაცდომა, ადვოკატის ინფორმაციით, ამაზე მოწმემ თქვა, რომ მტკიცებით ფორმაში ვერ საუბრობს, „ვინაიდან ასეთს ადგილი არ ჰქონია”.
„თითოეული პოლიტიკოსის იდენტიფიკაციისთვის იყენებდა ამ ნიშან- თვისებებს. მაგალითად, ნიკა მელიაზე თქვა, რომ გამოირჩევა, მაღალი არის და შესაბამისად, ვიცანი, რომ ნიკა მელია არისო, ასევე, მაგალითად, იქ მყოფი გიორგი ვაშაძე და სხვა პოლიტიკოსიო”,- განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესს, მიხეილ სააკაშვილის გარდა არცერთი სხვა ბრალდებული არ ესწრება.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
