“პირველებმა” მოიპოვა ფოტო, რომელიც 21 წლის ქალზე განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას ასახავს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიძაშვილმა ფატიმა ქერიმოვას წამებისა და მკვლელობის შემდეგ ფოტოები გადაუღო და მოკლული 21 წლის ქალის დას გაუგზავნა. უმძიმესი კადრები ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი მკვლელობამდე სასტიკი ძალადობისა და წამების მსხვერპლი გახდა. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ქალს სკამზე აბამდა, სხეულზე სიგარეტს აწვავდა ბოლის კი ბალიშით გაგუდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა ბინა წინასწარ იქირავა. ის აზერბაიჯანიდან საქართველოში, ოჯახის წევრების ვერსიით, ე.წ. „ოჯახის ღირსების აღდგენის“ მოტივით ჩამოვიდა. მოკლული ფატიმა ქერიმოვას და პირველ სატელევიზიო ინტერვიუში ჰყვება, რომ ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა ქალი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დანიშნეს. ამის შემდეგ, მისი თქმით, ფატიმა სხვა მამაკაცთან ერთად საქართველოში გამოიქცა. ოჯახის წევრის განცხადებით, სწორედ ეს გადაწყვეტილება არ აპატიეს ახალგაზრდა ქალს და ნათესავებმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს.
განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ფატიმა ქერიმოვას მეგობრები „პირველებთან“ ყვებიან, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა ქალი იმ მამაკაცმა, რომელთან ერთადაც ქვეყანაში ჩამოვიდა, გაქურდა და საქართველოდან გაიქცა. დახმარების გარეშე დარჩენილმა ფატიმამ ახლო ნათესავს მიმართა. სწორედ ამ დროს, მოიპოვა ნათესავმა მისი ნდობა, დახმარებას დაჰპირდა და საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანა სადაც წამებით მოკლეს.
ნათესავი ქალის წამებით მკვლეობის შემდეგ, ბრალდებული საქართველოდან გაიქცა. ახლა ის თუქეთშია. არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ მის დაკავებას და საქართველოში გასამართლებას ითხოვს.
