წავა თუ არა ქართული ოპოზიციის აკრძალვის საქმე ევრო სასამართლოში – ყოფილი მოსამართლე “ტვ პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სახეზეა მინიმუმ კონვენციის 2 მუხლის დარღვევა, შესაბამისად, ვარაუდობს, რომ ეს საქმე ბოლოს მაინც სტრასბურგის სასამართლომდე მივა.
ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე წინასწარ იყო ნავარაუდევი.
“ცხადია, ეს საქმეები ასეთ რეალობაში, აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში, თუმცა, ეს ახლო პერსპექტივაში რამდენად იქნება სასარგებლო საქართველოსთვის, ძნელი სათქმელია. ცხადია, დადგება არაკონვენციური შეუსაბამობის დასკვნა, მაგრამ ამ პერიოდში საქართველოს რა დაემართება, ამაზე პროგნოზირება საკმაოდ ადვილია – მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით. თუკი ევროსასამართლოში წავა, მთავარი მუხლი იქნება კონვენციის მე-11 მუხლი, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვას ეხება და მე წარმომიდგენია, რომ ასევე იყოს კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც კრძალავს უფლებების შეზღუდვის ბოროტად გამოყენებას, ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ ხელისუფლებას არასდროს არ უნდა ჰქონდეს ფარულუ მიზანი უფლებების შეზღუდვის დროს. ამ შემთხვევაში, ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ფარული მიზანი არის აშკარა, გაცხადებული მიზანი, პოლიტიკური ველის მოსაუფთავების. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ “ქართულ ოცნებას“ დღეს აინტერესებს კონრკეტული შედეგების მიღწევა და 2-3 წლის შემდეგ რამე სხვა გადაწყვეტილება დადგება, ამასობაში შეიძლება საერთოდ გამოვიდნენ ევროსაბჭოდან, არ არის გამორიცხული, არ ადარდებთ”, – ამბობს ნონა წოწორია.
