კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით დოკუმენტები, რომელიც საჯარო გააჟღერა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ, მანამდე მოთხოვნილი არ ყოფილა.
უფლებადამცველის თქმით, ყველა საჭირო დოკუმენტაციას პირადად მიიტანენ, დღეს, პენიტენციურ სამსახურში, რათა ექიმმა დაკავებული პოლიტიკოსის ნახვა შეძლოს.
ამასთან შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ელენე ხოშტარიას კვლევები მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჯაროდ გახდა ცნობილი.
მან რაც გააჟღერა, რომ რაღაც დიაგნოზი არ დადასტურდა, ეს ტყუილი გახლავთ, შესაძლებელია ის სხვა დიაგნოზზე საუბრობს და ჩვენ სხვა. ჩვენ ამას ვითხოვთ, რომ მ9ივიდეს შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმი, რომელიც დასვამს დიაგნოზს.
“პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა მანიპულაციურად აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთის ამბავიაო და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე, თითქოს თან ჰქონდეს ექიმს ლიცენზია და პირადობის მოწმობა, რაც არ ყოფილა მოთხოვნა. დღესვე მათ შორის ყველა იმ დოკუმენტს რომელიც იქნა მოთხოვნილი, საჯაროდ გააჟღერა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ლიცენზიასაც და პირადობის მოწმობის ასლსაც, თავად მივიტანთ პენიტენციურ სამსახურში.
დღემდე არ გაუსინჯავს რევმატოლოგს, ერთადერთი რაც მოხდა, რევმატოლოგს დაარეკინეს ვიდეო ზარით ისე, რომ MRT სურათი ნანახიც კი არ ჰქონდა. ყველა კვლევა ჩატარდა მას შემდეგ, რაც საჯარო გახდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია. 10 დეკემბრისთვის პენიტენციურ სამსახურს უკვე სრული სურათი ჰქონდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე საგანგაშო არ არის.
ამასთან, გიორგი პატარიძის სიტყვები გაიმეორა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას იმიტომ, რომ ვერ მიაწოდეს პენიტენციურ სამსახურს საჭირო დოკუმენტაცია.
“ეს არის ტყუილი. პირველივე დღიდან, როდესაც ქალბატონ ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. სპეკულაცია ის არის, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას იმიტომ, რომ ვერ მიაწოდეს პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის ასლი და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ქალბატონ ხოშტარიასაც გაეწია ყველა ის მომსახურება, ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მან ინფორმაცია მოგვაწოდა. დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა, ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, როგოც ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალისგან,” – ამბობს პაატა სალია.
შალვა პაპუაშილის მტკიცებით, ელენე ხოშტარიას და სხვა მსჯავრდებულებს სახელმწიფო უფასოდ აწვდის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას.
“ელენე ხოშტარიასთვის, ისევე როგორც სხვა მსჯავრედებულისთვის, შექმნილია სათანადო პირობები პენიტენციურ დაწესებულებაში. თუკი ვინმეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს სათანადო, უფასოდ სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულებს ასე, რომ ელენე ხოშტარიას მიმართ რაიმე სხვა სახის მიდგომები არ არის, თუკი აქვს ჯანმრთელობის პრობლემები სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას სჭირდება,” – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
