ადგილობრივების ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში გზების გადათხრის შედეგად სასმელ წყალს ნავთობი შეერია – ამ წუთებში მოსახლეობა კრწანისის რაიონის გამგეობასთან იკრიბება.
“გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში 24-საათიანი წყალმომარაგება არ გვაქვს, წყალი მოდის გრაფიკით, რის გამოც მოსახლეობას უყენია სასმელი წყლის ავზები. გუშინ გზები გათხარეს და დააზიანეს ჩვენი მოსახლეობის მილები. წყალს შეერია ნავთობი, რის შედეგადაც მოსახლეობის სასმელი წყლის ავზები ავსებულია ნავთობგარეული წყლით. დანამდვილებით ვიცით რომ ნავთობია, ვინმე რომ მოვიდეს და შეამოწმოს მაშინვე მიხვდება. დღეს აპირებს მოსახლეობა გუბერნატორთან მისვლას, თუმცა რა ეშველება ამ ყველაფერს არავინ ვიცით, რადგან მთელი წყლის მილები სავსეა ნავთობით, სასმელი წყლის ავზები სავსეა ნავთობით და ყველაფერი გახდება შესაცვლელი. ზარალის ანაზღაურებაზე არაფერს ამბობენ, სავარაუდოდ, ყველაფერი გადაივლის მოსახლეობაზე და ძალიან დიდი მოსახლეობაა დაზარალებული” – წერს “მთავარს” მოქალაქე და ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნის.
“საშინელება ხდება – განადგურდა მილები და ავზები. ნავთობიანი წყალი გაუშვეს გუშინ და ვინ აგებს ამაზე პასუხს არავინ იცის… მერია არაფერს აკეთებს, მგონი, საერთოდ არ არსებობენ. პერიოდულად ჰპირდებიან, რომ წყალი იქნება 24-საათიანი, მაგრამ არაფერი ხდება, შარშან ტენდერი მოიგო კომპანიამ, უნდა დაწყებულიყო სამუშაოები, დაამტკიცეს და თანხა გამოყოფილია, მაგრამ ერთი წელია არაფერი ხდება.
გუშინ ამ წყალმა, რომელიც ისედაც გრაფიკით მოდიოდა, გაანადგურა მილები და ყველაფერი. ყველასგან მიტოვებულია ეს ტერიტორია და პატრონი არ ჰყავს, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ და მერე არაფერი კეთდება…” – უყვება “მთავარს” კიდევ ერთი ადგილობრივი.
