ჩვენ რომ თანაბარ პირობებში ვიყოთ – პროკურატურა და ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს ეს დევნა, ცხადია, რომ ეს პროცესი არ იქნებოდა იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი ამ პროცესის არ არსებობს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის შეფასებით, ამ პროცესს ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.
„სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმ ურთიერთ განადგურებაზე აწყობილი პოლიტიკური ველის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ ამას ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი მოქვს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
