სასახლის ღობის საქმეზე მსჯავრდებული, ნანა სანდერი, რამდენიმე კვირის წინ, ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წარმომადგენელმა თბილისში ვიზიტის დროს, ციხეში მოინახულა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკოლოზ ბოლქვაძემ ვიკა ბუკიას “პირველ ხაზში” განაცხადა.
ამასთან, უფლებადამცველმა თქვა, რომ ნანა სანდერმა ციხეში ფსიქოლოგიური წნეხის გამო თვითმკვლელობა სცადა, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატმა ლევან იოსელიანს აცნობა, თუმცა სახალხო დამცველის აპარატისგან დღემდე “აბსოლუტური იგნორი და სრული სიჩუმეა”.
… ბოლოს ფსიქოლოგიურ წნეხს ვეღარ გაუძლო, მან სცადა თვითმკვლელობა, რასთან დაკავშირებითაც მე მყისიერად ჩავაყენე საქმის კურსში ლევან იოსელიანი, ბატონ ლევანს განცხადებით მივმართე. მეტსაც გეტყვით, ევროსაბჭოს წამების კომიტეტის ერთ-ერთი განყოფილების თავმჯდომარე, ბორის ვუციც იყო ჩამოსული, სადღაც 3 კვირის უკან და ნანა სანდერთან ჰქონდა ხანგრძლივი პაემანი.
სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიდან, 2 განცხადება წარვადგინე და სამჯერ დავრეკე, მითხრეს, რომ მოკვლევის ეტაპზე არიან და დამიკავშირდებოდნენ, წერილობითი კორესპოდენცია გამომეგზავნებოდა, მაგრამ დღემდე აბსოლუტური იგნორი და სრული სიჩუმეა,” – განაცხადა ნიკოლოზ ბოლქვაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი, დღეს, დამნაშავედ ცნო.
საუბარია მარიამ მეყანწიშვილზე, ნანა სანდერზე, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერზე
- მარიამ მეყანწიშვილი — ჯარიმა 5000 ლარი
- ნანა სანდერი — პატიმრობა 7 წლით
- აბო ნავერიანი — პატიმრობა 5 წლით
- ანტონ უპერი — პატიმრობა 5 წლით
მარიამ მეყანწიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ის განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.
ცნობისთვის, აღნიშნულმა ბრალდებულებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა 8 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
