სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 13 პირს – ავთანდილ თოფჩიშვილს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს დღეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
პროცესი სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს – საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს.
პროკურატურამ 13 ბრალდებულიდან 12-ს ერთ წლიანი რეალური სასჯელი და სამ წლიანი პირობითი შესთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 პირი ციხეს 2 თვეში დატოვებს.
რაც შეეხება ერთ პირს, საბა კორძაიას, ბრალდების მხარემ მას წელიწადნახევარი რეალური სასჯელი და სამ წლიანი პირობითი შესთავაზა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც არის გასამართლებული.
ცნობისთვის, ავთანდილ თოფჩიშვილს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
დღეს საქალაქო სასამართლოში ასევე გაიმართება კიდევ ერთ ეპიზოდზე სხდომა – განაჩენის მოლოდინშია სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული სამი პირი. რამდენიმე საათში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უნდა გამოაცხადებს უშვებს თუ არა ციხეში მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს და აბო ნავერიანს. აღნიშნულმა პირებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადეს.
