ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ ყიდულობს საქართველოს მთავრობა 47.3 მილიონ ლარად 595 ახალ ავტომობილს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუ ავტომობილს გავლილი აქვს 300 ათასი ან 400 ათას კილომეტრზე მეტი მანძილი, საჭიროა მისი გამოცვლა, რადგან მისი შენახვა ჯდება უფრო ძვირი, ვიდრე ახლის შეძენა.
„მიდგომა არის ასეთი – თუ ავტომობილს გავლილი აქვს 300 ათასი ან 400 ათასზე მეტი, საჭიროა მისი გამოცვლა, რადგან მისი შენახვა ჯდება უფრო ძვირი, ვიდრე ახლის შეძენა საბოლოო ჯამში, მარტივი ლოგიკაა. გარდა ამისა, ამორტიზებული მანქანით არ შეიძლება იაროს მაგალითად, პოლიციელმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირობითად რეინჯერმა და ა.შ.
რაც შეეხება ამ მანქანებს, ძირითადი ნაწილი განკუთვნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. თუ ამბობთ, რომ ურმით უნდა იაროს რეინჯერმა ან პოლიციელმა და არა მანქანით, რა ვიცი. დიახ, ყოველ წელს არის საჭიროება. რამდენი ავტომობილი სჭირდება პოლიციას, რამდენი ავტომობილი სჭირდება სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. დათვალეთ და მიხვდებით. ძველის ჩამოწერა როგორც ხდება, ასე უნდა მოხდეს. კონსოლიდირებული შესყიდვა გამოცხადდა. კონსოლიდირებული შესყიდვა არის იმისთვის, რომ სახელმწიფომ თავის რესურსები დაზოგოს. როდესაც კონსოლიდირებული შესყიდვით შეიძენს სახელმწიფო ავტომობილებს, ამ შემთხვევაში, ხდება დაახლოებით 20-25%-ით ხარჯების დაზოგვა. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. ხარჯების ეკონომია არის მთავარი მიზანი, რის გამოც შეიქმნა ეს კონკრეტული სსიპ-ი და რის გამოც გამოცხადდა ამ შემთხვევაში კონსოლიდირებული შესყიდვა“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მიერ ახლად შექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” 47.3 მლნ ლარად 595 ახალ, 2026 წელს გამოშვებულ ავტომობილს ყიდულობს. კერძოდ, უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 5 ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც სხვადასხვა ტიპის ავტომობილების შეძენას რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებისთვის გეგმავს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მთავრობა სპეციალიზებულ ავტომობილებს (პიკაპი), ჰიბრიდულ ავტომობილებსა და მაღალი გამავლობის ჰიბრიდულ ავტომობილებს ყიდულობს.
