ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულებს მის მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი განუმარტა.
“ბრალდებულები აცხადებდნენ, თითქოს, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, თუმცა, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ეს არ გამოკვეთილა.
ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას ვნახეთ, რომ მშვიდობიან აქციაზე გარკვეული განცხადებები გაკეთდა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მოწოდების საფუძველზე იქ გადაინაცვლეთ. მოგიწოდეს რა – პრეზიდენტის სასახლესთან გადაგენაცვლათ და მამაკაცური ძალებით განგეხორციელებინათ ის ქმედებები, რაც ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ.
აქ არავის ასამართლებენ პატიოსნება-უპატიოსნებაზე, ყველანი პატიოსნები ხართ, აქ განვიხილავთ იმას, დაადასტურა თუ არა ბრალდებამ დანაშაულის ნიშნები.
მშვიდობიანი აქცია იყო თავისუფლების მოედანზე და არც ერთი თქვენგანი იქ არ დაუკავებია პოლიციას. მას შემდეგ, რაც აქციას შეუერთდით ათონელის სასახლესთან, ძალადობა განხორციელდა.
პოლიციის არაერთი თანამშრომელია დაჭრილი. იქნებ ახლა მაინც განასხვაოთ, რა არის შავი და რა არის თეთრი.
პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და არავის აქვს უფლება, თუ საშვი არ აქვს, გადაინაცვლოს მის ეზოში . ზოგიერთი თქვენგანი წინა ხაზზე იყავით და დაცვის სამსახური იგერიებდა მოძალადე ჯგუფს. არაერთხელ მოხდა შესვლა, ღობე არ ყოფილა დამაბრკოლებელი. ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება.
ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ, რომ გადაღებასაც უშლიდნენ აქციის მონაწილეები და ამბობდნენ, რომ ნუ ახდენდნენ გადაღებას. ბრალდების მხარემ ბრალდების დადასტურება მოახერხა 8-ვე ბრალდებულზე”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი – ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
