საქსტატის უახლესი მონაცემებით 2026 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ირანში ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მაისში ირანში 44 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც 2 500-ზე მეტ მანქანას შეადგენს.
მონაცემებში განსაკუთრებულ ყურადღებას ერთი გარემოება იქცევს. ავტოექსპორტის ზრდა განსაკუთრებით მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რეგიონში სამხედრო დაძაბულობა და ირანთან დაკავშირებული მოვლენები გამწვავდა. თუ იანვარ-თებერვალში საქართველოდან ირანში მხოლოდ 228 ავტომობილი გავიდა, მარტიდან მაისის ჩათვლით ეს მაჩვენებელი 2 300-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებამ 40.2 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებზე გამოცემა BMG-მ გაამახვილა ყურადღება.
საქართველოსა და ირანს შორის გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები დამატებით კითხვებს აჩენს იმის შესახებ, რამდენად ითვალისწინებს ქვეყანა გეოპოლიტიკურ რისკებსა და საერთაშორისო კონტექსტს. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს მიერ დაწესებული სანქციები არ მოქმედებს და ეკონომიკური ინტერესები პრიორიტეტად რჩება.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალიც კითხვებს ბადებს. ექსპორტის მიმართულებით პირველ ადგილებს ჩინეთი და რუსეთი ინაწილებენ, რაც ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ბაზრებზე გადის. უმსხვილეს პარტნიორებს შორისაა ტოგოც, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველ ხუთეულში მხოლოდ ბულგარეთი ხვდება.
საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს, თუმცა ამ შესაძლებლობის სრულად გამოყენება კვლავ პრობლემად რჩება. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული სურათი ქვეყნის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური კურსის შედეგია.
