ირანში მომღერალ პარასტუ აჰმადს ჰიჯაბის გარეშე სიმღერის შესრულებისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს.
Guardian წერს, რომ ირანელი მომღერალი პარასტუ აჰმადი და მუსიკალური პროექტის კიდევ რვა მონაწილე, გავრცელებული ინფორმაციით, 74-ჯერ გამათრახებით დასაჯეს. მიზეზი 2024 წელს გამართული კონცერტია, რომელიც აჰმადიმ საკუთარ YouTube-არხზე პირდაპირ ეთერში გადასცა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ქომის პროვინციის სისხლის სამართლის სასამართლომ არტისტებს ასევე ორი წლით აუკრძალა ქვეყნის დატოვება და ხელოვნების სფეროში საქმიანობა. მათ ბრალად ედებათ საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფა ინტერნეტში „უხამსი და ამორალური შინაარსის“ მასალის შექმნისა და გავრცელების გზით.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის სასამართლო ხელისუფლების ოფიციალურ სააგენტოს განაჩენი ჯერ არ გამოუქვეყნებია, უფლებადამცველი ორგანიზაციები და იურისტები, რომლებმაც დოკუმენტები შეისწავლეს, აცხადებენ, რომ ეს საქმე იმ ფართო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც რეჟიმის წინააღმდეგ კულტურული პროტესტის ჩახშობაა.
2024 წლის დეკემბერში 29 წლის აჰმადიმ პატრიოტული სიმღერა „Az Khoone Javanane Vatan“ („სამშობლოს ახალგაზრდების სისხლიდან“) ჰიჯაბის გარეშე შეასრულა. კონცერტის ჩანაწერი ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ნახვა დააგროვა.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე მომღერალი და რამდენიმე მუსიკოსი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ვიდეოს გავრცელების გამო ოფიციალური სამართლებრივი პროცესი დაიწყო.
