ბიზნეს-რეკეტის საქმე – კანონიერი ქურდი, ელმურაზ მამედოვი და მასთან კავშირში მყოფი ხუთივე პირი მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა პატიმრობაში გაუშვა.
ელმურაზ მამედოვის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, დანარჩენი 5 პირის ადვოკატები კი მოსამართლეს პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს სთავაზობდნენ, თუმცა, ეპიტაშვილმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. ირკვევა, რომ სახლების გადაწვის უკან, ე.წ. კანონიერი ქურდები იდგნენ.
ირკვევა, რომ კიდევ ცხრა პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.
დასახელდა საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტის“ – ელმურაზ მამედოვის გვარი. გამოძიების ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულები ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც მამედოვი მონაწილეობდა.
საქმის მასალების მიხედვით, ეს უკანასკნელი უკავშირდებოდა, საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც, როგორც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს, გარკვეულ ვადებში, კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
