ეს იმიტომ ხდება, რომ მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია “ბაირამ დუდუკში” რომ მოხვდა – ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიებაა, ვიღაცას დაესიზმრა და ბრალი გაჩნდა, – ამის შესახებ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარს ეხება.
მისი თქმით, საქმე “დაუჯერებელი და საოცარია”, რადგან საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებზეც ექსპერტიზა ადამიანის ვინაობას ვერ ადგენს.
„უხერხული, დაუჯერებელი და საოცარი საქმეა. მეცინება, როდესაც პროკურორს ვუსმენ და მტკიცებულებათა ერთობლიობაზე მიუთითებს, ეს ყველაფერი კი ისე ჟღერს, რომ გეგონება ამ საქმეზე ადამიანს ტყუილად არ დაიჭერდნენ.
29 ნოემბერს დამიჭირეს, 2 დღე ბრალი ქონების დაზიანების მუხლით მქონდა წარდგენილი. ეს არ ეყოთ, რომ ჩემს წინააღდეგ უფრო კარგად გამოელაშქრათ. გამოვიდა პაპუაშვილი და ეს ტერორიზმიაო და ამის შემდეგ ბრალი გადამიკვალიფიცირეს – რადგან პაპუაშვილმა თქვა, ტერორისტი გავხდი, მაგრამ თვითონვე მიხვდნენ, რომ ბინ ლადენიც ტერორისტია და მეც, ვერ ჯდებოდა. ეს ბრალი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.
1 წელი გაუხსნელი საქმე ჰქონდათ თაროზე შემოდებული, იმიტომ იყო გაუხსნელი, რომ არანაირი მტკიცებულება არ იყო, სადაც ადამიანის ამოცნობა შეიძლება. ერთადერთი ჩანაწერია და გაუმარჯოს ღმერთმა იმ გოგოს თუ ბიჭს, რასაც აკეთებდა. ამ სასამართლოში სამართალი არ იპოვნება. დანაშაულია, მაგრამ ექსპერტიზა წერს, რომ აქ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელიაო, მაგრამ რადგან ჩემს წინააღმდეგ რაღაცების დალაგება მოუნდათ, დაალაგეს – ელისაშვილი დაჭერილი გვყავს, ტერორიზმის მუხლი წარვუდგინეთ და მეტი დამაჯერებლობისთვის, ეს საქმეც ტერორიზმის მუხლად გადააკვალიფიცირეს.
მაღაზიაში ტელევიზორი რომ ვიღაცამ მოიპაროს, ეს ქურდობა ხომ არის? მაგრამ ბინ ლადენმა რომ მოიპაროს, ეს ტერორიზმია? ლოგიკა არ არის. ეს სადღაც კაბინეტში ვიღაც ადამიანების მიერ არის გადაწყვეტილი. რომელი მტკიცებულებების ერთობლიობა? ექსპერტიზა ამბობს, რომ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელიაო.
საქმეში მოწმე არ არის, რომელმაც დანაშაული დაინახა, მოწმეები მეხანძრეები არიან, რომლებიც ყვებიან, რომ დომინოს თამაშობდა და “მითხრეს ხანძარიაო, მოვედი, დავასხი წყალი და ჩავაქრეო”. მოწმეებმა რა უნდა თქვან? პროკურატურა კი აკრძალვებს აკრძალვებზე მიწესებს, რომ არ დავრეკო ციხიდან, პაემანი რომ არ მქონდეს ოჯახის წევრებთან და რა მოტივით? – რომ “მოწმეებზე არ მოახდინოს გავლენაო?”. რომელ მოწმეზე – მეხანძრეზე, რომელმაც უნდა თქვას 10 ტონა წყალი დაასხა თუ 11 ტონა?
ეს იმიტომ ხდება, რომ მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია “ბაირამ დუდუკში” რომ მოხვდა. იმ ციხეში გამიშვეს, სადაც არ მეკუთვნის, პოლიტიკოსების ციხეში უნდა ვიყო, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ მდინარაძე ვერ ინელებს, რომ მოხვდა.
ეს ჩემს წინააღდეგ პოლიტიკური შურისძიებაა, ვიღაცას დაესიზმრა და ბრალი გაჩნდა. როგორ შეიძლება წვიმის დროს, ცეცხლს წყალს რომ ასხამენ, ძაღლმა ნიმუში აიღოს. ვერ მოუნელებია მდინარაძეს, რომ ბარაქიანი მუშტი მოხვდა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
