ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილებები, რომელთა ერთადერთი მიზანი პროცესის გამარტივებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ელექტრონულმა სისტემამ საარჩევნო პრაქტიკა შეცვალა, რამაც ვადების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა გააჩინა“.
„ჩვენ გარკვეული წლების წინ შემოვიღეთ ახალი სისტემა, რომელსაც ელექტრონული სისტემა ჰქვია, არჩევნების ჩატარების და რომელმაც პრაქტიკაში მოგვცა იმის საშუალება, რომ საარჩევნო პერიოდი, რომელიც არჩევნებამდე იწყება და არჩევნების შემდგომ კიდევ 26 დღე გრძელდება, შეგვემცირებინა კიდევ 11 დღით. ეს იყო ყველაზე მთავარი ცვლილება, რომ რეალურად, პრაქტიკის შესაბამისად, ყველა ის საჩივარი, რომელიც ამ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში იყო და ასე შემდეგ, პირველ 15 დღეში სრულდებოდა. ეს გვაჩვენა პრაქტიკამ. შესაბამისად, აღარ იყო იმის საჭიროება, რომ საარჩევნო პერიოდი 26 დღე კიდევ გაგრძელებულიყო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მიმართულება, რომელიც შეიძლება დაიხვეწოს, ეს იქნება საარჩევნო პრაქტიკა თუ სხვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან უნდა განიცდიდეს ტრანსფორმაციას და უნდა დაიხვეწოს, იქიდან გამომდინარე, როგორი მოცემულობაც გვაქვს. სწორედ ამის გამოძახილი იყო რეალურად ის, რომ ასეთი ტექნიკური ცვლილებები შესულიყო საარჩევნო კანონმდებლობაში. გარდა იმისა, რომ შემცირდა საარჩევნო პერიოდი, შემცირდა ასევე ანგარიშგების პერიოდიც, 12 დღიდან 5 დღემდე ჩამოვიდა, განისაზღვრა კონკრეტული სატელევიზიო ეთერის განაწილება, განისაზღვრა სატელევიზიო რეკლამები ვინ უნდა გადასცეს, ვინ უნდა გააშუქოს და სხვა. ასე რომ, ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ გამარტივებულიყო პროცესი”, – განაცხადა შალამბერიძემ.
