რუსეთი უკრაინის იმ ობიექტებზე გააგრძელებს მასშტაბური დარტყმების განხორციელებას, რომელთა მდგომარეობაზეც დამოკიდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვზე უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმაზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლავროვის თქმით, კიევის რეჟიმის მიერ მოსკოვის რეგიონზე განხორციელებულ თავდასხმას რეალური ნაბიჯები უნდა მოჰყვეს პასუხად.
„შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კიევის ტერორისტის მორიგი გამოხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ჩვენ რეგულარულად განვახორციელებთ მასშტაბურ ჯგუფურ დარტყმებს იმ სამიზნეებზე, რომელთა მდგომარეობაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ეს ამოცანა მთავარსარდალმა დააყენა, ჩვენი შეიარაღებული ძალები მას ასრულებენ და გააგრძელებენ შესრულებას. ვფიქრობ, ყველა სწორი სიტყვა უკვე ითქვა, მაგრამ დიდი ხანია, დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვები საკმარისი არ არის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, 18 ივნისს მოსკოვი ბოლო ორი წლის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩამოგდებულია დაახლოებით 200 უპილოტო საფრენი აპარატი.
