უსამართლობასა და ზეწოლას, ჩვენ სიმშვიდით, ერთიანობითა და რწმენით უნდა ვუპასუხოთ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა.
„უსამართლობასა და ზეწოლას, ჩვენ სიმშვიდით, ერთიანობითა და რწმენით უნდა ვუპასუხოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ დევნასა და უსამართლობაზე.
არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს ჩვენი წონასწორობის კარგვა. გვესმის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და ამას ჩვენ სიმშვიდე და რწმენა უნდა შევაგებოთ. საზოგადოებას კი აუცილებელია ერთიანობისკენ, წინააღმდეგობებისა და განსხვავებების გადალახვისკენ მოვუწოდოთ. ეს არის გამოსავალო არ რთულ სიტუაციაში”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
