კორუფციას საქართველოს რკინიგზაში სუს-ი მეხუთე წელია იძიებს. “პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებიც ტენდერებში ფიქტიურად მონაწილეობდნენ, გამოკითხვებზე 2021 წლიდან ატარებდნენ. ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს.
ერთ-ერთი დაკავებულის, შპს-ს მფლობელის, გიორგი კურტანიძის ადვოკატის, დიანა გვიშიანის განცხადებით, კურტანიძე დაკავებამდე გამოძიების ფარგლებში სწორედ 2021 წელს გამოკითხეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, დავით ფერაძესთან შემხებლობა არ ჰქონია.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნამდვილად ჰქონდა შპს. ის გამოძიების მიერ რამდენჯერმე არის გამოკითხული. როცა შევხვდი, მან განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ვადასტურებ, რომ ის საგამოძიებო ორგანოში ცხადდებოდა, მის ჩვენებებს მე არ ვესწრებოდი, თუმცა, მისი ინფორმაციით ვიცი, რომ ადასტურებდა იმას, რასაც დღეს თქვენ მოგახსენებთ. მას არანაირი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს.
როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოკითხვაზე 2021 წელს დაიბარეს, მას შემდეგ, ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მისი დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. [ფერაძესთან] შემხებლობა არ აქვს.
როგორც გითხარით, მას შპს ჰქონდა, საქმიანობის სფერო მრავალნაირი შეიძლება იყოს, თუმცა, მოცემულ საქმეზე მას არანაირი შემხებლობა არ აქვს”,- აცხადებს გვიშიანი.
კითხვაზე, „შავი ლითონის” შესყიდვას ახორციელებდა თუ არა, ადვოკატი პასუხობს, რომ “შეიძლება ესეც იყო საქმიანობის სფეროში”.
“თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულებრივად იძენდა… კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან ბრალის დადგენილება ჩვენთვის არ გადმოუციათ”,- განაცხადა გვიშიანმა.
კორუფციულ სქემები საქართველოს რკინიგზაში – სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 6 დაკავებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდება.
