თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნილი ჰქონდა გვერდი, სადაც თითქოს, მის მიერ აშენებული კოტეჯების ფოტოები ჰქონდა განთავსებული. ბრალდებულმა კოტეჯის აშენებით დაინტერესებულ პირს ფიქტიური ხელშეკრულება გაუფორმა და დაჰპირდა, რომ 17 900 აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) აუშენებდა ხის კოტეჯს. ბრალდებულმა დაზარალებულს საწყის ეტაპზე 30 000 ლარი გადაარიცხინა, რაც სრულად მიისაკუთრა.
ამასთან, განმარტავენ რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი და ჯგუფური ყაჩაღობისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებულის ქმედებით, დაზარალებულს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
