შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს ასრულებდა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მისაკუთრების მიზნით, სხვადასხვა დროს, კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის მისაღები ანაზღაურება – 120 000 ლარი, მომხმარებლებს მის მიერ მიწოდებულ სხვა საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს”. – წერს უწყება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
