ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა – კობახიძემ ივანიშვილს “პოლიტიკური გროსმეისტერი” უწოდა და თქვა, რომ “მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება – გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს”.
“მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი ხშირად ვსარგებლობ მისი [ბიძინა ივანიშვილის] რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა პირველ რიგში, სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ხშირად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემს , შესაბამისად, გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით , რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია” – თქვა კობახიძემ.
