სასახლის ღობის საქმე – დღეს ცნობილი გახდება, სულ რამდენი ბრალდებული მიმართავს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
რაც უკვე ვიცით, საპროცესო შეთანხმება უფორმდება ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, თემურ ქუციკიძესა და ავთანდილ სუმნაიძეს. დღეს კი დამატებით გახდება ცნობილი, რამდენი ბრალდებული დაემატება ამ 7 პირს.
უკვე ცნობილია, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა ალექსანდრე გოგოლაძემაც. როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ბრალდების მხარისგან მათ თანხმობა მიიღეს.
უფლებადამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც ზუსტად გამოიკვეთება, თუ რამდენი ბრალდებული ითხოვს საპროცესოს გაფორმებას, ყველა ამ პირის სხდომა ერთად გაიმართება და ისინი დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან.
“ჩვენ მივმართეთ ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შესაბამისად მივიღეთ თანხმობა და გავაფორმეთ შემდეგი პირობით – პირობითი სასჯელი 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ბრალდების მხარე დააფიქსირებს პოზიციას, რომ გამოეყოს აღნიშნული საქმეები, ვისთანაც შეთანხმებულია საპროცესო შეთანხმების გაფორმება. შესაბამისად შემდეგ ცალკე ჩაინიშნება ეს ჯგუფი და ერთ სხდომაშივე დასრულდება ეს პროცესი და სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან”, – ამბობს ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი.
შეთანხმების პირობების მიხედვით, ბრალდებულები გათავისუფლდებიან, თუმცა მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრობაციის პირობებში იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩებიან და პერიოდულად, მათ შორის კვირაში ერთხელ, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამოცხადება მოუწევთ.
