თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტში პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ტოპოგრაფიული ანატომიის უნიკალური მუზეუმი განახლებულ, გარემონტებულ სივრცეში ოფიციალურად გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია ახალი უნიკალური ექსპონატები. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
მუზეუმი ოფიციალურად გახსნეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თეა გიორგაძემ და კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლიანა კიკალიშვილმა.
კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის მუზეუმი პროფესორ შალვა თოიძის სახელობისაა. მუზეუმი განსაკუთრებულია უნიკალური ანატომიური პრეპარატებით, მათ შორის სველი და მშრალი ნიმუშებით, რომლებიც შექმნეს პროფესორებმა: ნიკოლოზ კახიანმა და ნიკოლოზ დემეტრაძემ. აღნიშნულ პრეპარატებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
მუზეუმის გახსნისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მუზეუმის მნიშვნელობას უნივერსიტეტის განვითარებაში.
„დღეს შეკრებილი ვართ გამორჩეული მეცნიერის, გამოჩენილი მოღვაწისა და ჩვენი უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენლის – პროფესორ შალვა თოიძის სახელობის მუზეუმის გახსნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუზეუმი კიდევ უფრო განვითარდეს, გაიზარდოს ექსპონატების რაოდენობა და ეს უნიკალური სივრცე მომავალშიც გამდიდრდეს. უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.” – აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
პროფესორ შალვა თოიძის სახელობის მუზეუმი 80 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თსსუ-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
