ირაკლი კობახიძე პარლამენტში საინტერესო დებატებს ელოდება, თუმცა “ოცნების” გუნდიდან მასთან მოდებატე, სავარაუდოდ, არავინ იქნება. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კობახიძის 88-გვერდიანი დოკუმენტი უკვე წაიკითხეს, თუმცა კითხვები არ გასჩენიათ — ისინი მთავრობის მეთაურს ყველაფერში ეთანხმებიან და მის პოზიციებს სრულად იზიარებენ.
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის პირველივე გვერდზე ვკითხულობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პოლიტიკა აქვს. ეს ჩანაწერი ჩნდება იმ ფონზე, როდესაც “ოცნების” ხელისუფლება დასავლეთთან ღია საგარეო დაპირისპირებაშია შესული. მეტიც, კობახიძემ საკუთარ მოხსენებაში ჩაწერა, რომ ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობას ხელი თავად ევროკავშირმა შეუშალა და არა მმართველმა პარტიამ.
კრიტიკის მთავარი საგანი “ოცნების” ლიდერის წლიურ ანგარიშში გაჩენილი ახალი ტერმინია — „მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა“. თუკი აქამდე საქართველოს მთავარი და კონსტიტუციური ვექტორი დასავლეთი იყო, ახლა ივანიშვილის ხელისუფლება მიანიშნებს, რომ ეს მიმართულებები შესაძლოა სხვადასხვა მხარეს გაიშალოს. საგულისხმოა, რომ ზუსტად იგივე ტერმინი საქართველოსთან მიმართებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გამოიყენა. კრემლის ოფიციალური პირის რიტორიკა ახლა უკვე კობახიძის ოფიციალურ ანგარიშშიც აისახა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში საუბარია ოკუპაციაზე, მასში ერთი სიტყვითაც არ არის დაგმობილი რუსეთის ანექსიური პოლიტიკა.
