რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, მოსკოვმა სომხეთიდან ხილისა და კურკოვანი კულტურების იმპორტზე დროებითი შეზღუდვები აამოქმედა. რუსეთის ფიტოსანიტარიული სამსახურის, „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილება 2 ივნისიდან შევიდა ძალაში.
შეზღუდვები შეეხება ალუბალს, ბალს, გარგარს, ქლიავს, ატამს, ნექტარინსა და ყურძენს. რუსული მხარის განცხადებით, სომხური პროდუქციის ჩანაცვლება სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და უზბეკეთიდან იმპორტის გაზრდით იგეგმება.
„რუსპროდსოიუზის“ წარმომადგენლის, დმიტრი ლეონოვის თქმით, ატმის მიწოდების გაზრდა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოდანაც იქნება შესაძლებელი. მისი შეფასებით, სომხური ხილი რუსეთის ბაზარზე შედარებით მცირე წილს იკავებს, ამიტომ შეზღუდვები საერთო მიწოდებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
რუსული მხარე აცხადებს, რომ ბაზარი საკმარისად დივერსიფიცირებულია და არსებული ლოგისტიკური სქემები საშუალებას იძლევა, მომწოდებლების სწრაფი ჩანაცვლება განხორციელდეს. ამ ფონზე, საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, რომლებიც რუსეთის ბაზარზე სომხური პროდუქციის ნაწილის ჩანაცვლებას შეძლებენ.
