ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი გიორგი გელხაური საქმეზე “გრიფით საიდუმლოს” მოხსნას ითხოვს.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ადვოკატი ჟურნალისტებს იმ კითხვების შინაარსის შესახებ ესუბრა, რაც მისი თქმით სხდომაზე დაისვა, თუმცა გელხაურის თქმით პასუხები ვერ მიიღო.
“კითხვები დავსვი, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რა საიდუმლო ინფორმაცია ან შემცველი დოკუმენტი გადასცა საკონტაქტო პირს, ან ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატებოდა, მაგრამ პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მივიღე. არც ერთი პუნქტი, რომელსაც სსკდ-ის 314-ე მუხლი – ჯაშუშობა ითვალისწინებს, ირაკლი ჩიხლაძის მიერ არ დარღვეულა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო”, – განაცხადა გელხაურმა.
კითხვაზე, დასტურდება თუ არა, საქმის პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ორივე ბრალდებულის მხრიდან ფულის აღების ფაქტი დასტურდება, ადვოკატმა უპასუხა, რომ ის საქმის შინაარსზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. ადვოკატი ასევე ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის ჯაშუშობას ედავებიან ბრალდებულს.
ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
სუს-ი ამბობს, რომ ირაკლი ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორმაგი ჯაუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გულბაათ რცხილაძეც 30 მაისს დააკავა.
