ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა მედიას ჟურნალისტის პოზიცია გააცნო.
“ირაკლი ჩიხლაძის პოზიციაა, რომ მას არასდროს ქვეყნის საზიანო ნაბიჯი არ გადაუდგამს და რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის საიდუმლო დოკუმენტი, ან ინფორმაციის შემცველი საგანი არ გადაუცია”- უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
ცნობილია, რომ სხდომის დახურულ რეჟიმში ჩატარდება. გიორგი გელხაურის შეფასებით, ბრალდებულს წაართვეს უფლება, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე თავი იმართლოს.
„ამ მუხლით და ამ კვალიფიკაციით პირი რომ პასუხისგებაში მისცე და მერე ბრალი წარუდგინო, საჭიროა ორი ძირითადი კრიტერიუმი. პირველი, ამ პირმა ქვეყნისთვის საიდუმლო ნივთის, მასალის, ან ინფორმაციის შემცველი რამე საგანი უნდა გადასცეს უცხო ქვეყნის წარმომადგენელს. მეორე, მისი ნაბიჯებით უნდა ხდებოდეს საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ ეს ორი კითხვა გვექნება პროკურორთან – რა ჩაიდინა ამ ადამიანმა, რომ ამ კვალიფიკაციით პასუხისგებაში მისცეს. გუშინ გამომძიებელს არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ბრალდებულის პოზიციაა, რომ მას არასდროს ქვეყნის საზიანო ნაბიჯი არ გადაუდგამს და არავისთვის საიდუმლო დოკუმენტი, ან ინფორმაციის შემცველი საგანი რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის არ გადაუცია.
ის იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, წარმომადგენელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, ის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენდა.
იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები იმ ქმედებებში, რასაც ირაკლი ჩიხლაძე ახორციელებდა, არ არსებობს, ჩვენ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვთ.
მას ბრალად შერაცხეს ქმედება, რომელიც არ ჩაუდენია და არც იმის საშუალება არ აქვს, რომ თავი დაიცვას ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის წინაშე. მას არ აქვს უფლება საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულება გაასაჯაროოს, რას ედავებიან. მისთვის ამოუხსნელია, რატომ დააკავეს და რატომ შეურაცხეს ეს ბრალი”,- განაცხადა გელხაურმა.
ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.
სუს-ი ამბობს, რომ ირაკლი ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორმაგი ჯაუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გულბაათ რცხილაძეც 30 მაისს დააკავა.
