ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტისა (ISW) და უკრაინული ღია წყაროების ანალიტიკოსების ცნობით, 2026 წლის 24 მაისის ღამეს, უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის დროს, რუსეთმა „ორეშნიკის“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.მათგან ერთ-ერთმა ტექნიკური გაუმართაობის გამო მიზანს ვერ მიაღწია და ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, რუსულ სამხედრო პოზიციებზე ჩამოვარდა.
“უკრაინული საგამოძიებო ჯგუფების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების ანალიზი აჩვენებს, რომ რაკეტის გაუმართაობამ მისი საბრძოლო ბლოკების ნაადრევი ჩამოყრა გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, ექვსივე საბრძოლო ქობინი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ოკუპირებული ავდეევკის ან იასინოვატაიას მახლობლად განლაგებულ რუსულ ძალებს დაეცა” – ნათქვამია ISW-ს ანგარიშში.
ამავდროულად, უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა ცერკვაზე „ორეშნიკით“ განხორციელებული 1 დარტყმა დაადასტურეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პირველი რაკეტის დონეცკში ჩავარდნის შემდეგ, რუსებმა მეორე რაკეტა გაუშვეს, რომელმაც უკრაინულ მხარეს მიაღწია.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ამ დრომდე გამოყენებული ყოველი ოთხი „ორეშნიკიდან“ ერთმა კატასტროფული გაუმართაობა განიცადა.
“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო ArmyInform -ის შეფასებით, მხოლოდ ერთი ასეთი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის ღირებულება 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.კრემლის მიერ 23-24 მაისს უკრაინაზე განხორციელებული კომბინირებული საჰაერო იერიში აქამდე 361 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეორე „ორეშნიკის“ ჩამოვარდნის ფაქტის გათვალისწინებით, ამ ერთი თავდასხმის ჯამურმა ფასმა რუსეთის ბიუჯეტისთვის 411 მილიონ დოლარს გადააჭარბა” – წერს ISW.
