გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატი ვიდეო-ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს – ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ აუცილებელია დადგინდეს, კონკრეტულად რომელი პირი, რა წუთზე, რა მოქმედებას ახორციელებდა.
„აუცილებელია დაინიშნოს ვიდეოექსპერტიზა, სადაც უნდა დაისვას კითხვა, კონკრეტულად რომელი პირი, რომელ წუთსა და წამზე რა მოქმედებას ახორციელებს და ა.შ.“, – განაცხადა ადვოკატმა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ნოდარ ცინცაძის განცხადებით, პოლიციელი ალექსი ბადალოვი გორში, კომბინატის დასახლებაში გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. გამოძიების ეტაპზე მან მისცა ჩვენება, რომ ეკიპაჟთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით, სავარაუდო დამნაშავის დაკავების გამო. ის მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვიდეომასალაშიც არის ის, რომ აწვდის ხელბორკილებს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს. ესე იგი, ეს ადამიანი შემთხვევის ადგილზე თავისი მოვალეობის შესრულებისთვის მივიდა. რა წინაპირობები არსებობდა, როგორ განვითარდა მოვლენები მის მისვლამდე, ამ ადამიანმა, ბუნებრივია, არ იცოდა.
კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა პროკურატურის მიერ გაჟღერებულ ფაქტს, რომ ექვსიდან ოთხი პოლიციელი გამოძიებას სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის, ადვოკატმა უპასუხა, რომ „მე უფრო საყურადღებოდ მივიჩნევიდ იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ დაზარალებული პირი ჯერ გამოკითხული არ არის“.
გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები პატიმრობაში გაუშვეს – გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.
