გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმა გიგლა ლოცულაშვილo დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრიბს:
“დღის მეორე ნახევრამდე ცოტა ისე იყო და დღის მეორე ნახევრიდან უკვე სისუსტე დაეწყო. ორჯერ გული წაუვიდა და შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რომ გადმოგვეყვანა საავადმყოფოში. ასევე, ჰქონდა ტანის ტკივილები, მკერდში ტკივილები, კისრის არეში ტკივილები, ხელი სტკიოდა, უკან თავი, გულისრევის შეგრძნებები. სასწრაფომ გადაწყვიტა, რომ ამ კლინიკაში შეეყვანათ. ახლა შეყვანილი ჰყავთ და ტარდება შესაბამისი გამოკვლევები. ვნახოთ, რა იქნება. წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი. ცოტა გაიარა-გამოიარა და დღის მეორე ნახევარში გახდა უკვე შეუძლოდ. გული წაუვიდა ორჯერ და გამოვიძახეთ სასწრაფო“ – განაცხადა ლოცულაშვილის ძმამ.
პოლიციელების მიერ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით კლინიკაში გადაიყვანეს.
27 მაისს გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს – პაპუნა ლოცულაშვილი – დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. პროკურატურამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს.
