რაზე ისაუბრეს თბილისში ჩამოსულმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან? – ირკვევა რომ პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან საუბრები შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო. მარკო რუბიოს უწყების წარმომადგენლები არკვევდნენ, ვის რა სტრატეგია აქვს.
კოალიცია “ცვლილებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, პიტერ ანდრეოლთან ისაუბრეს არჩევნებზეც – უკვე ჩატარებულზეც და მოთხოვნილზეც.
“ჩვენ არჩევნების უარყოფის რეჟიმში კი არ ვართ, ჩვენ ვართ არჩევნების მოპოვების რეჟიმში, ოღონდ ნამდვილი არჩევნების და არა ფიქციური არჩევნების. ეს მათაც იციან – დეტალურად და ზოგადადაც. რაც შეეხება, რას და როგორ ვაპირებთ, ამასთან დაკავშირებითაც იყო შეკითხვები და იყო პასუხები გაცემული ცხადია”, – ამბობს გვარამია.
გვარამიას “ტვ პირველის” ჟურნალისტმა ჰკითხა – პროცესის ნორმალიზაციისთვის ხომ არ იყო პარტნიორების მხრიდან შეთავაზება, რომ მაგალითად ოპოზიცია დაუბრუნდეს პარლამენტს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ეს საკითხი შეხვედრაზე არ დასმულა.
“ეს ისეთი აბსურდული ისტორიაა, რომ ამაზე საუბარიც კი არ ღირს. არავის არ უთქვამს ცხადია, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა, ამ შეკითხვას რომ დამისვამენ, რა შეიძლება მე ვუპასუხო, ამიტომ თავს შევიკავებ ახლა კომენტარისგან. არა, არ მიდის ამაზე ლაპარაკი და ვერც იქნება ამაზე ლაპარაკი”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
იგივეს ამბობს “ოპოზიიციის ალიანსის” და “დროას” წევრი გიგა ლემონჯავაც – მისი თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან კითხვა ასეთი მიმართულებით, რომ “რატომ ხართ ბოიკოტის რეჟიმში” არ ყოფილა.
ჩვენ გვინდა ვითარების ნორმალიზება და არა ჩაბარება, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გაიღო ძალიან დიდი ფასი ამ ბრძოლაში – ამბობს ლემონჯავა.
“პარტნიორებისთვის არის გასაგები ჩვენი პოზიციები, მათ შორის ამ მიმართულებითაც – პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარლამენტში ყოფნა/არყოფნასთან დაკავშირებით. (ჟურნალისტი – იყო ამაზე საუბარი?)დიახ, იყო ამაზე საუბარი. ეს ყველაფერი ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ივანიშვილს კრიმინალურმა რეჟიმმა შექმნა ამ ქვეყანაში. (ჟურნალისტი- გკითხეს, რატომ არ ხართ პარლამენტში?) არა, ასეთი კითხვა არა. ჩვენი პარტნიორებისთვის არის აბსოლუტურად ცნობილი ეს გარემო, რაც საქართველოშია. ბუნებრივია, ჩვენ ქუჩებში და ციხეებში ყოფნას პარლამენტში ყოფნა გვირჩევნია, ოღონდ პარლამენტში ყოფნა არასოდეს არ იქნება, რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემი საბაბი, თან საპარლამენტო სკამების დაკავების საბაბი. ჩვენ მოვიგეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და რეჟიმმა გადაწერა ეს შედეგები. ამიტომ ვითხოვთ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვინდა ვითარების ნორმალიზება და არა ჩაბარება, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გაიღო ძალიან დიდი ფასი ამ ბრძოლაში და ჩვენ ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის დაფასების გარეშე ვერავითარ ვითარების ნორმალიზებას ვერ ვხედავთ”, – აცხადებს გიგა ლემონჯავა.
ის რომ პოლიტიკურ პროცესებში ბერკეტები არის გამოსაყენებელი ოპოზიიციის მიერ და ბოიკოტი არის მიუღებელი, “ოპოზიციის ალიანსისგან” განსხვავებით ამერიკის პოზიცია ასე წარმოაჩინეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმა.
მაგალითად “ძლიერი საქართველოს” და გახარიას გუნდის ლიდერები, რომლებსაც ცალ-ცალკე შევხდნენ პიტერ ანდრეოლს, ამბობენ, რომ ვაშინგტონისთვის ბოიკოტი ცალსახად მიუღებელია.
“აშშ არ თვლის ბოიკოტირებას და ბრძოლის სხვადასხვა ბერკეტზე უარის თქმას, როგორც გამართლებულ სტრატეგიას. ეს ითქვა ძალიან მკაფიოდ, შავით-თეთრზე, რომ ბრძოლის კონკრეტულ ბერკეტებზე უარის თქმა და ბრძოლაზე უარის თქმა არ და ვერ იქნება გამოსავალი. ამერიკის სურვილი და პრეფერენცია ამ კუთხით არის სრულიად მკაფიო. (ჟურნალისტი – იყო თუ არა საუბარი, რომ თქვენ ამ დრომდე არ გამოიყენეთ პარლამენტში ბერკეტი? ზოგადად საუბრობთ თუ არა პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხზე?) რა თქმა უნდა ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ და აღელვებთ, მათ სურთ ნახონ გამართული პოლიტიკური ინსტიტუტები”, – აცხადებს “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია.
“ჩვენს პარტნიორებს შტატებში არ ესმით, მაგალითად როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ არ გამოიყენოს ისედაც შეზღუდულ პირობებში პოლიტიკური ბერკეტები – მაგალითად, იყოს მუდმივ ბოიკოტის რეჟიმში, ეს მათთვსი არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ვერ ხსნაისნ, ბოიკოტის არსი უბრალოდ არ ესმით”, – ამბობს გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური.
პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ მთთან შეხვედრისას ყველაზე დიდი დრო ამერიკელმა მაღალჩინოსანმა არჩევნებზე საუბარს დაუთმო.
“ყველაზე დიდი დრო იმას დაეთმო, რომ აბსურდი არის არჩევნებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციას არ ეძლევა საშუალება თუნდაც ელემენტარულად მიმართოს საკუთარ მომხრეებს, ისეთი ტერორია ქვეყანაში. საუბარი იყო არჩევნებზე, საუბარი იყო ვადამდელ არჩევნებზე, საუბარი იყო ასევე, რა გარემო პირობები უნდა იყოს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს”, – ამბობს ანა დოლიძე.
