27-30 მაისს, სრულიად მუსლიმური სამყარო ორ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა.
მათივე ცნობით, დღესასწაული 3-4 დღე ვრცელდება.
„მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი.
ზეიმის დროს მუსლიმები ასრულებენ სრულ განბანვას და იცვამენ სადღესასწაულო ტანსაცმელს. მეჩეთებში სრულდება სადღესასწაულო ლოცვა, რომლის შემდეგ კითხულობენ ქადაგებას. მუსლიმები ამზადებენ საზეიმო სუფრას, უმასპინძლდებიან ახლობლებს, სტუმრობენ ნათესავებს, მოინახულებენ გარდაცვლილთა საფლავებს.
ყურბან ბაირამი არის ისლამის ერთ-ერთი საფუძვლის – ჰაჯის (წმინდა ადგილების მომლოცველობა) შესრულების კულმინაცია მექაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს დღესასწაულს და უსურვებს მათ მშვიდობასა და სიკეთეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
