საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ 26 მაისის აქცია არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია და მას გაგრძელება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს აქცია უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – “საქართველოს გასათავისუფლებლად”.
26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული ლოზუნგების, არამედ ჩვენი ხუთჯვრიანი ეროვნული დროშის გარშემო, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა გახდეს ჩვენი წინააღმდეგობის დროშა.
ზოგი ხუთჯვრიან დროშას მიშას დროშას უწოდებს, თუმცა ეს არაა მართებული. სინამდვილეში ეს არის ჩვენი ისტორიული დავითიანი დროშა, რომელთან ერთადაც გავიმარჯვეთ ვარდების რევოლუციაში, შევქმენით ახალი ქართული სახელმწიფო, 2008 წელს შევაჩერეთ რუსეთი.
ამ დროში გაიცნო საქართველო თანამედროვე მსოფლიომ. ეს დროშა შეიყვარა ქართველმა ხალხმა და ამ დროშის დიქტატორს ისე ეშინია, როგორც ეშმაკს პირჯვრის გადაწერის.
სწორედ ამ დროშით ხელახლა უნდა აღვადგინოთ საქართველოს სიძლიერე, მოვაშოროთ რეჟიმი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები. ამ ქრისტიანული დროშით ბოლომდე უნდა დავმკვიდრდეთ ევროპაში.
26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, არამედ უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად.
მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის მიმართვას, რომ დროშის გარშემო გაერთიანებულებმა უნდა გამოვიჩინოთ კიდევ მეტი გაბედულება და გადავიდეთ შეტევაზე”, – წერს სოციალურ ქსელშ მიხეილ სააკაშვილი.
