ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ალეკო ელისაშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი მოსამართლისთვის იმის ახსნას ცდილობდა, რომ ბრალდება, რომელსაც მას ედავებიან, აბსურდულია, თუმცა ის გააჩუმეს და განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს მოსამართლე უმტკიცებდა, რომ მისი ყოველი სიტყვა პოლიტიკური შინაარსისაა, რისი უფლებაც პროცესზე არ აქვს.
მიუხედავად პოლიტიკოსის მოთხოვნისა, მოსამართლემ მას მიყოლებით რამდენიმე შენიშვნა მისცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სხდომათა დარბაზიდან საერთოდ გააძევეს. მოსამართლე ამტკიცებდა, რომ ელისაშვილმა წესრიგი დაარღვია და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.
რატომ სურდა ელისაშვილს პოზიციის დაფიქსირება და საუბარი? ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ელისაშვილი სასამართლოს არქივის ოთახში ცეცხლის გაჩენას ცდილობდა, თუმცა საქმეს პრაქტიკულად მტკიცებულებები არ გააჩნია. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზაც კი ადასტურებს, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები დანაშაულის დასამტკიცებლად არ გამოდგება.
