საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
სხდომა საქალაქოს სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. “შლაგბაუმი”, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. შემდეგ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა.
როსტომ მაზმიშვილს ბრალდება სხვის ნივთის დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ორივე მუხლი არის რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით წარდგენილი. ამასთან დაკავშირებითაც, ვნახეთ ვიდეო კამერები რომელიც გავრცელდა და ის ქმედება, რაც განზრახ საქართველოს საპატრიარქოს მიმართ ჰქონდა განხორციელებული. წარსულში არის ნასამართლევი, კერძოდ 2025 წელს, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა დანიშნული ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. შესაბამისად, გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა, რომელიც მდგომარეობდა შემდგომში, რომ ის იყო შეზღუდული შეურაცხადი. მეორე მხრივ, ჩვენს სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე და მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე ის შესახლებული იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში, იქიდან რამდენიმე ხანში გადაყვანილი იქნა სპეციალურ დაწესებულებაში. გამომდინარე აქედან, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზეც დანიშნულიყო ფსიქიატრიული ექსპერტიზა,” – აცხადებს პროკურორი, ირაკლი ყვავაძე.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა. როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა.
