თანამშრომლების ინფორმაციით, ბათუმის სამშობიარო სახლის აუქციონზე გატანა, გაყიდვა და გაუქმება იგეგმება – ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ:
“თანამშრომლები ვიცავთ ამ შენობას უკვე 10 წელია, 17 სასამართლო მოვიგეთ და ეხლა ეკონომიკის მინისტრი ნატარიძე გვემუქრება ბათუმის სამშობიარო სახლის აუქციონზე გატანით, გაყიდვით, გაუქმებით. ვითხოვთ ბატონ ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას დიდი იმედით. ამ შენობის თანამშრომლები კიდევ უფრო გაურკვევლობაში ვართ, ველოდებით ბატონი ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებას, ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის ჩანაფიქრით აუქციონზე გატანას უპირებენ რასაც ვეწინააღმდეგებით. იმედია, ბატონი ზურაბი მიიღებს ბათუმელებისთვის და ჩვენთვის, თანამშრომლებისთვის, რომლებიც ვართ აქციონერები, სასურველ გადაწყვეტილებას” – წერს ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელი.
“ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომლები 20 წელია ვიბრძვით იმისათვის, რომ ბათუმს, მის მოსახლეობას, შევუნარჩუნოთ ადგილი, რომელიც სავარაუდოდ ყველა აქაურისათვის საკრალურია სწორედ აქედან გამომდინარე (და არა იმიტომ რომ თანამედროვე ეკონომიკაში ვერ ვერკვევით) ათეული წლებია ვიბრძვით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. 1997 წლიდან გვყიდიან (ალბათ ღმერთი გვშველის). ამ ეტაპზე გვჭირდება ხელშეკრულების გაგრძელება შენობის “ექსპლუატაციის”, გალამაზება-გარემონტების და მასში სიცოცხლის კვლავ აღორძინების მიზნით…… ყველა იურიდიული საბუთი მზადაა, მოვიგეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან ყველა სასამართლო და ამ მომენტში ვღებულობთ სრულიად დაუსაბუთებელ “დასაბუთებებს” “არადემოგრაფიულ”, “არაპოლიტიკურად” მოაზროვნე ადამიანებისგან. დრო კი არ ითმენს… ბათუმს სჭირდება სამშობიარო სახლი რუსთაველზე. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩვენი მოსაზრება და ბრძოლის პერიპეტიები მოსმენილ და განხილული იქნება მთავრობის სხდომაზე” – წერს კიდევ ერთი თანამშრომელი.
