თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დასრულდა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს ჩვენება პროკურატურის მოწმეებმა – ერთმა მეწარმემ და ბაგა-ბაღების დირექტორებმა მისცეს.
ერთ-ერთი მოწმე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ე.წ ატკატების შესახებ მან არაფერი იცოდა და კავშირი არავისთან ჰქონია.
“არაფერი არ ვიცოდი [რომ ე.წ. ატკატები, სავარაუდოდ, ლილუაშვილთან მიდიოდა]. არავისთან არ მქონია კავშირი. არ ვიცი [რატომ ვიყავი პროკურატურის მოწმე]. არაფერი ისეთი არ იყო, უბრალოდ რაც არ ვიცოდი ერთმანეთში აპროტესტებდნენ [მხარეები]. რაღაც შეკითხვები მოდიოდა მეორე მხრიდან, რომელიც რეალურად არ ვიცოდი. წლები არა, რამდენიმე პროექტი იყო. ყველამ კარგად იცის რა იყო და რა არა. არა [იმ დროს არ მქონდა ინფორმაცია],” – ამბობს პროკურატურის მოწმე.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის არცერთ მოწმეს დღემდე არ განუცხადებია პირდაპირი მტკიცებულების სახით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კორუფციულ გარიგებასთან, ან რაიმე სხვა დანაშაულთან იყო შემხებლობაში.
“არცერთ მოწმეს დღემდე პირდაპირი მტკიცებულების სახით, პირდაპირი ინფორმაციის სახით, რომ რაიმე შემხებლობა ჰქონდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს კორუფციულ გარიგებასთან, ან რაიმე სხვა დანაშაულთან, მსგავსი ინფორმაცია დღემდე არ არის და არც დღევანდელ მოწმეებს ამის შესახებ არ უსაუბრიათ. უფრო მეტიც, საერთოდ შემხებლობა და ნაცნობობაც არ ჰქონიათ, იცნობენ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი არხებიდან და არა პირადად.
კახა გვანცელაძე თვითონ არის ბრალდებული. შეგვიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ამ მოწმეებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და სხვა თუ რაიმე დანაშაული არსებობს, ეს ბატონ გრიგოლს არ ეხება,” – განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის თქმით, პროკურატურის ყველა მოწმეს აქვს შემხებლობა აღნიშნულ საქმესთან და გრიგოლ ლილუაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებასთან, თუმცა ბუნებრივია, რომ ყველა მოწმე გრიგოლ ლილუაშილის სახელს და გვარს არ ადასტურებს.
“ყველა მოწმეს, რომელიც სასამართლოში დაიკითხება, აქვს შემხებლობა აღნიშნულ კორუფციულ სქემასთან, აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობასთან და გრიგოლ ლილუაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებასთან და ახლა მოწმე, რომელიც არაფრის მთქმელი არ არის, სასამართლოში რატომ უნდა მოვიდეს და რატომ უნდა დაიკითხოს.
ზოგიერთი მოწმე ადასტურებს მხოლოდ კორუფციულ სქემას, მისი როლი რაში გამოიხატებოდა, ვინ რაზე შეთანხმდა, ამის იქით ახლა ყველა მოწმისგან თქვენ თუ ითხოვთ იმას, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სახელი და გვარი დაადასტუროს, ბუნებრივია, ყველა მოწმე ამას არ ადასტურებს.
ბუნებრივია, საქმეში წარმოდგენილია როგორც პირდაპირი ხასიათის, ისე ირიბი მტკიცებულებები. საქმეში მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ასაბუთებს და ადასტურებს, რომ გრიგოლ ლილუაშილმა ჩაიდინა ქრთამის აღება კონკრეტულ შემთხვევაში, ბაგა-ბაღების ეპიზოდთან მიმართებით რადგან ვსაუბრობთ,” – ამბობს ნათია თათიაშვილი.
