ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან. სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, Facebook live-ში თქვა, რომ “არჩევნების არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება”.
პარტიები, რომლებმაც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ამბობენ, რომ უხარიათ თუ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და თუ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები ხვდებიან, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, არჩევნებისადმი ნიჰილიზმისა და უნდობლობის გაჩენით ბედნიერი მხოლოდ “ქართული ოცნებაა”.
“მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, ბოიკოტი არ არის გამოსავალი. “ქართული ოცნების” დამარცხება ვერ მოხდება ბრძოლაზე უარის თქმით. ჩვენ ამას დიდი ხანია ვსაუბრობთ და კარგია, რომ ამას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორებიც ხვდებიან. ჩვენი მთავარი მიზანია დღეს, რომ ბრძოლა გაგრძელდეს ყველა ველზე – ქუჩაშიც, პროტესტშიც, საერთაშორისო ასპარეზზეც და საზოგადოების მობილიზება იყოს მთავარი საქმე, რასაც ოპოზიციური პარტიები უნდა ვაკეთებდეთ. ნიჰილიზმის, უნდობლობის გაჩენით არჩევნებისადმი მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნება” არის ბედნიერი, მხოლოდ ხელისუფლებას, “ანტი-ქართულ ოცნებას” აწყობს ის, რომ პოლიტიკური და საარჩევნო ველი უნდა იყოს ცარიელი და ოპოზიცია თვითიზოლაციაში. მოხარული ვართ იმით, რომ სხვადასხვა აპოლიტიკური აქტორები იაზრებენ საკუთარ შეცდომებს მიუხედავად იმისა, რომ ერთი არჩევნები დააგვიანეს, ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკური სტრატეგია შევარჩიოთ,” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, თამარ კეკენაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების ბოიკოტი და 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდება შეცდომა იყო და მოხარულია, თუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “მიხვდა, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა”.
“მიხარია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ რამდენიმე თვის წინ, სამწუხაროდ, თვითონაც მოუწოდებდა ადამიანებს ბოიკოტისკენ და მოუწოდებდა ადამიანებს მონაწილეობა მიეღოთ 4 ოქტომბრის დამხობის ე.წ. აქციაში, ეს იყო შეცდომა, ნამდვილად მიხარია ეს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი უნდა შევცვალოთ მშვიდობიანია არჩევნებით,” – თქვა თამარ კეკენაძემ.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, მათთვის მთავარია ქვეყანაში თავისუფალი და პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმა იქნება და არა ბოიკოტი.
“ქალბატონი სალომე აქცენტს აკეთებს ბოიკოტზე, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მოთხოვნების შესრულებაზე. ჩვენი ამოცანა არ არის ბოიკოტი, ჩვენი ამოცანაა “ქართულ ოცნებას” დავახევინოთ უკან, ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის კონტროლის მიღმა არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ამ არჩევნებმა გამოხატოს არჩევნების ნება და მანდატები და ხმები განაწილდეს პროპორციულად, ისე, როგორც ქართველი ხალხი ამას გადაწყვეტს. ეს არის მთავარი და არა ბოიკოტი, ან ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენ ეს არცერთი ამოცანა არ გვაქვს. ჩვენი ამოცანა არის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილის კონტროლის გარეშე არჩევნებში დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი,” – განაცხადა თენგო თევზაძემ.
“ტვ პირველმა” სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, კითხვა დავუსვით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსაც. არჩილ გორდულაძის მტკიცებით, 2028 წელს საპარლამენტო არჩევნები იმ კანონმდებლობით ჩატარდება, რაც დღეს არის ქვეყანაში. მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
“2028 წლის საპარლამენტო არჩევნები გვაქვს წინ, რომელიც ჩატარდება ზუსტად იმავე კანონმდებლობით, რა კანონმდებლობაც ახლა, დღეს მოქმედებს, რომელიც სრულად შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან, ევროპულ ქარტიებთან და ყველანაირ პრეცედენტულ სამართალთან. მეტიც, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ გაცილებით უფრო დახვეწილია ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა სა ამავდროულად პრაქტიკა, ვიდრე ეს არის მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში. რა თქმა უნდა საჯარო სხდომაზე შევეცდებით, რომ დავადასტუროთ, თუ რატომ არიან ისინი არაკონსტიტუციურები და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია პოლიტიკურად ჩვენ ქვეყანაში არსებობდნენ ოპოზციის სახით რეალურად ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარი არის ამ ქვეყნის განვითარება,” – ამბობს არჩილ გორდულაძე.
