„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ისჯება იმის გამო, რომ ქართველ ხალხს გაუჩინა რწმენა და საბრძოლო სულისკვეთება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლოსთან განუცხადა.
„ლევან ხაბეიშვილის საქმე არის აბსოლუტურად უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც კი, რომელიც, სამწუხაროდ, სავსეა პოლიტიკური დევნის ისტორიებით. იმიტომ, რომ ადამიანს, პოლიტიკური დაპირების გამო, რომელსაც ქართული კანონმდებლობა იცავს, უპირებენ წლობით ციხეში გამოკეტვას. სინამდვილეში, ისჯება რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ქართველ ხალხს გაუჩინა რწმენა, საბრძოლო სულისკვეთება. სწორედაც ამის გამო დასაჯა ივანიშვილმა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი დღეს, 21 მაისს გამოცხადდება.
საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. გუშინდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ლევან ხაბეიშვილმა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ის სხდომას არ ესწრებოდა.
